ქალაქ ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა ემზარ მახარაძემ, კახაბერ კვაჭანტირაძემ და ჯანო ვასაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ერთ დღეს დაწერეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, მათი სამსახურიდან წასვლის მიზეზი ერთმანეთში დაპირისპირება გახდა. როგორც წყარომ გვითხრა, ისინი სამსახურის დასრულების შემდეგ ქეიფობდნენ, რასაც შემდეგ მათ შორის ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სამივე მათგანი მსგავს ფაქტს უარყოფს და აღნიშნავს, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და ისინი სამსახურიდან პირადი განცხადებების საფუძველზე წამოვიდნენ იმ მიზეზის გამო, რომ სხვაგან აპირებენ სამსახურის დაწყებას.
"უბრალოდ, პიროვნული თემა იყო და კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ეტაპზე. ჩემი სურვილით წამოვედი, შეიძლება სხვაგან დავიწყო სამსახური _ მაქვს სხვა შემოთავაზებები. ხელფასი დაბალი იყო და ამიტომ დავწერე განცხადება. შეიძლება დავბრუნდე კიდეც. ძალიან გთხოვთ, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," _აღნიშნა კახაბერ კვაჭანტირაძე.
ემზარ მახარაძე ამბობს, რომ სხვა რაიონში გადადის სამსახურის დასაწყებად, ხოლო ჯანო ვასაძე განმარტავს, რომ ის აჭარაში იწყებს მუშაობას: "არანაირ დაპირისპირებას ჩვენს შორის ადგილი არ ქონია" _აღნიშნა ვასაძემ.
ერთ-ერთი ვერსით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ქალაქ ოზურგეთის
მერს ბეგლარ სიორიძისა და განთავისუფლებულ თანამშრომლებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც კატეგორიულად უარყოფს ქალაქის მერი:
"ეს არის სრული სიცრუე. მსგავსი რამ არ მომხდარა და არც შეიძლებოდა მომხდარიყო," _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.
ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ დატოვა სამივე თანამშრომელმა ერთ დღეს თანამდებობა, მერი გვპასუხობს, რომ მათ ჩაიდინეს თანამშრომლისთვის შეუფერებელი საქციელი: _ სამუშაო საათების შემდეგ ისინი სვამდნენ ალკოჰოლს, ქეიფობდნენ. აქედან გამომდინარე, მეორე დღეს გადაწყვიტეს, დაეწერათ განცხადებები და წასულიყვნენ სამსახურიდან, – გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.