საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ან ბრასორი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ან ბრასორის განცხადებით, მისთვის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ქვეყნისა და მისი სპეციფიკის უკეთ გასაცნობად, პერსონალური კონტაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ჩვენ, ყველა ერთ ოჯახს ვეკუთვნით – ევროპის საბჭოს ოჯახს, რომელიც დამყარებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და თავისუფლებაზე. მაგრამ იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ქვეყანას სჭირდება ძლიერი ინსტიტუციები. ევროპის საბჭო თქვენ გვერდითაა იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა ან ბრასორმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პარლამენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.
"მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებებისა, იყოს ურთიერთპატივისცემა და დისკუსია“, – აღნიშნა ან ბრასორმა.
სიტყვით გამოსვლისას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი გამოწვევები შეუწყნარებლობა და სიძულვილია.
"ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, ყველა ქვეყნის პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რელიგიური ლიდერები, რომ შევებრძოლოთ სიძულვილს და შეუწყნარებლობას“, – მიმართა ან ბრასორმა დამსწრეთ.
მისი განცხადებით, ევროპის საბჭო წინააღმდეგობებისა და ბარიერების დასაძლევად შეიქმნა, თუმცა, მისივე თქმით, დღეს უფრო და უფრო მეტი ბარიერი იქმნება.
"გუშინ ვიყავი ადმინისტრაციული საზღვრის პირას და თავად ვნახე, რას ნიშნავს ახალი ბარიერების შექმნა. ეს დაუშვებელია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ბარიერები არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. გვაქვს უზარმაზარი წინაღობა, რომელიც უნდა გადავლახოთ და დავიცვათ ჩვენი წევრი ქვეყნების მოქალაქეთა თავისუფლება და უფლებები.
ეს რთულია, მაგრამ პოლიტიკოსები იმისთვის ვართ, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ბარიერების დაძლევა მხოლოდ ერთად მუშაობითაა შესაძლებელი. ჩვენ, ყველა, ერთ ოჯახს ვეკუთვნით და ოჯახის ყველა წევრს აქვს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი კონტრიბუცია შეიტანოს საერთო საქმეში“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
ან ბრასორმა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა.
"ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიმართვა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მარტო არ ვართ, რომ ევროპა გვერდში გვიდგას და მალე ევროპის ნაწილი გავხდებით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.































































