საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სატარიფო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების მოთხოვნები სრულად არ დააკმაყოფილა.
კერძოდ, კომისიამ სხდომაზე იმსჯელა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“ მოთხოვნებზე და მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც შეეხება კომპანიების ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს საჯაროდ სცნო.
როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობა, როგორც კომისიის ზოგად საქმიანობასთან, განსაკუთრებით კი, სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, კომისიამ მიზანშეწონილად ცნო მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა კომპანიების მოთხოვნები მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ღია ხდება ინფორმაციის ღიაობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება.