ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის ადგილას, ამ წუთებში დაღუპული რუსთაველი ბავშვების მშობლები იმყოფებიან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, მშობლები სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ბათუმის ოფისში მიემგზავრებიან, სადაც დაღუპულთა ცხედრებია გადასვენებული.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ცეკვის ანსამბლის 41 ბავშვს კი, რომლებიც ამ დროისათვის აჭარის რეგიონის მთვარობამ ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოათავსა, ტანსაცმელს გადასცემენ. ხანძრის შედეგად, ბავშვების პირადი ნივთები და ტანსაცმელიც განადგურდა.
ხანძარი ქობულეთის სასტუმრო „არმაზში“ დღეს გამთენიისას გაჩნდა და სასტუმროში მყოფი ქალაქ რუსთავის ცეკვის ერთ-ერთი ბავშვთა ანსამბლის – „მერცხალი 2“ -ის სამი წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის ჩასაქრობად აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების ცხრა ჯგუფი მუშაობდა.