აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძეს „ნაციონალები“ საოჯახო ბიზნესის წარმოებასა და სამინისტროს ტენდერებში ერთ-ერთი მეწარმის ლობირებაში ადანაშაულებენ.
ირაკლი ბარამიძის განცხადებით, რომელიც მან დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გააკეთა, მესხიძე მეწარმე ზაზა ხარჩილავას ლობირებს, რომელიც ბოლო წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის იმ ტენდერებში იმარჯვებს, რომლებიც ციტრუსისა და ხეხილის ნერგების მიწოდებაზე იმართება.
ბარამიძე ირწმუნება, რომ მინისტრის მოადგილე თავადაც ამ ბიზნესშია ჩართული და საქმიანობას მეუღლის სახელით ეწევა.
ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ავთანდილ მესხიძე. მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი ოჯახის არცერთი წევრი არ აწარმოებს ბიზნესსაქმიანობას. რაც შეეხება ზაზა ხარჩილავას, მესხიძის განცხადებით, იგი მან სამინისტროში გაიცნო და ჩვეულებრივად მონაწილეობს საჯაროდ გამართულ ტენდერებში. ვინაიდან აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს იმარჯვებს კიდეც.
ბრალდებებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინეს, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტორის ტენდერებში ინდმეწარმე ზაზა ხარშილავას მონაწილეობას ადასტურებს. ამ ფაქტს არც სამინისტორში უარყოფენ, თუმცა, ბრალდებას, რომ ის ბოლო წლებში სამინისტროსთვის ნერგების ერთადერთ მიმწოდებლად იქცა, უარყოფენ.