ქობულეთის საკურორტო ზონაში განთავსებულ საოჯახო სასტუმროებსა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებს, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეხვდებიან და უსაფრთხოების ნორმების დაცვას ურჩევენ.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართება და მასზე დასასწრებად ქობულეთის თითქმის ყველა სასტუმროს და კვების ობიექტის მფლობელია მიწვეული. რეკომენდაციები მუნიციპალიტეტმა სასწრაფო წესით შეიმუშავა და ჯერჯერობით მათ აუცილებელი საკანონმდებლო ნორმის სტატუსი არა აქვთ. თუმცა, შესაბამისი ნორმების შემუშავებამდე ყველა დაწესებულებას ხელისუფლება სთხოვს, რომ ამ ნორმებით იხელმძღვანელოს.
სასტუმროებსა და კვების ობიექტებში სახანძრო და უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაზე საუბარი ქობულეთში რამდენიმე დღის წინ გააქტიურდა, როდესაც სასტუმრო „არმაზში“ ხანძარმა სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმატივებით საოჯახო ტიპის ან მცირე სასტუმროებს (რომლებსაც 100 ზე ნაკლები ნომერი გააჩნიათ) არ მოეთხოვებათ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მანონი შავიშვილის ინფორმაციით, რეკომენდაციები, რომლებსაც დღეს გააცნობენ ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეწარმეებს ახალი წესების შემუშავებამდე იმოქმედებს. უახლოეს ხანებში კი შემუშავდება უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვა მიმდინარე სეზონზე ყველა სასტუმროს მოეთხოვება.