7 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ იქნება გამოყოფილი და მისი მიზანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეკრებისა და უტილიზაციის სისტემის კონტროლია.
წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც გერმანული მედიაგამოცემა www.recyclingmagazin.de ავრცელებს, პროექტის განხორციელება ქვემო ქართლის ხუთ მუნიციპალიტეტში დაიწყება.
ეს კრედიტი დამატებითი საშუალება იქნება იმ სამი მილიონი ევროსი, რომელსაც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) ამავე მიზნისათვის საქართველოში ტექნიკურ-ეკონომიკური ბაზის მოსამზადებლად დახარჯავს.
წინასწარი ინფორმაციით, კრედიტის საშუალებით მოხდება ევროსტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობა, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, უტილიზაციისათვის საჭირო კონტეინერებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანა.
"ჩვენ ვიცით, რომ ნარჩენების გაუვნებელყოფა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის კარგ მაგალითს". – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ.
გამოყენებულია www.recyclingmagazin.de ინფორმაცია