დღეს, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, პირველ მოადგილესთან, ქეთევან მოისწრაფეშვილთან ერთად რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ხედვები გააცნო და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძის თქმით, გუბერნატორთან შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
"საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და უფრო მეტად გაცნობით ხასიათის შეხვედრა იყო",_აღნიშნა ურუშაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, ის ძალიან კმაყოფილია გუბერნატორთან შეხვედრით:
"ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს ატარებდა არა მხოლოდ გაცნობით ხასიათს, იყო საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა, ჩვენ დეტალებში გავიარეთ ის პრობლემატიკა, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს და მათ შორის ჩოხატაურს აწუხებს და მოკლე გადაჭრის გზები ერთად გვაქვს მოსაძებნი. მე გუბერნატორის დამოკიდებულებით ამ საკითხებისადმი ხედვით ძალიან კმაყოფილია, შემიძლია გადაუჭარბებლად გითხრათ, დანარჩენს მომავალი და მუშაობა გვიჩვენებს."
გია სალუქვაძემ ქ. ოზურგეთის, ოზურგეთის თემის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მოისმინა იმ მიმდინარე თუ დაგეგმილ სამუშაოებზე, რომელიც მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სფეროში ხორციელდება. ასევე, შეხვედრისას განიხილეს მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.