(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ახალი წლის დადგომა ჩოხატაურმა, დაბის ცენტრში გამართული ღონისძიებით და ფეიერვერკით იზეიმა. მიუხედავად ახალგაზრდების თხოვნისა, რომ 2012 წლის მისალოცად ცნობილი მომღერლები, ან ერთი მომღერალი მაინც ჩამოეყვანათ, კონცერტი ადგილობრივი ძალებით ჩატარდა. როგორც ხელისუფლებაში განმარტეს, ბიუჯეტს მომღერლის ჩამოყვანის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა, იმის საშუალება კი გამონახეს, რომ საკუთარი თავისთვის პრემიები დაერიგებინათ.
საახალწლო კონცერტს მაყურებელიც ცოტა ჰყავდა. აუდიტორია, ძირითადად, კონცერტში მონაწილეთა ახლობლებით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად მონდომებისა, ღონისძიება არც ისეთი კარგი გამოვიდა, როგორსაც გვპირდებოდნენ _ მაყურებელთა თქმით, წამყვანებმა ვერ შეძლეს იქ მყოფ ადამიანებამდე სათქმელი მიეტანათ. დიდი ხარისხით არც საკონცერტო ნომრები გამოირჩეოდა. ყველაზე კარგი საახალწლო ღონისძიებაზე ფეიერვერკი იყო _ ჩოხატაურის ცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ლამაზად იყო განათებული.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის ხელისუფლებამ 150 ახალგაზრდა ბათუმში, ხულიო იგლესიასის კონცერტზე გაამგზავრა. როგორც გვითხრეს, თითო სოფლიდან 10 ბავშვი წაიყვანეს. თუმცა, უცნობია, რის მიხედვით შეირჩა წამსვლელების ვინაობა, რადგან ბათუმში წასვლის სურვილი ბევრად მეტ ახალგაზრდას ჰქონდა.