ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს.
აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსს" შსს-მ დაუდასტურა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 18 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის ე.წ. უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრი, 67 წლის გრიმბერ ბალამწარაშვილი, რომელიც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მათ ცხელი ხაზით, დაუყონებლივ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამჟამად აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ოსეთის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 2015 წლის იანვრიდან დღემდე, ოკუპაციის ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, უკანონოდ 49 პირი დააკავეს.