ტეხასის პოლიციამ 192 ადამიანი ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალად ბაიკერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობა ედებათ.
BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირება გუშინ ქალაქ უეიკოს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი რესტორნის ავტოსადგომთან მოხდა. მათ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა.
თვითმხილველთა განცხადებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა დაახლოებით 100 გასროლა განახორციელეს.
ინციდენტის დროს დაიღუპა ცხრა, ხოლო დაშავდა 18 ადამიანი.
სამართალდამცველთა თქმით, ბაიკერებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, პარკირების ადგილის გამო მოხდა.