იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, მოსამართლეების ნაწილს, რომლებსაც 10-წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ უფლებამოსილება გაუგრძელდათ, სასამართლო სისტემაში მათზე დაწერილი საქმეების ამოწურვამდე დარჩებიან.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" ლევან მურუსიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ ეს არა მისი პირადი, არამედ, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს გადაწყვეტილებაა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის თანახმად, მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილება ამოეწურება, უფლება აქვს დარჩეს სასამართლო სისტემაში მანამ, სანამ ის არ დაასრულებს იმ საქმეებს, რომელიც მას მიწერილი აქვს. ასეთი რამდენიმე მოსამართლე გვყავს, რომლებზეც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფლებამოსილების ვადა გაეგრძელებინა. ეს არ ყოფილა ჩემი პირადი გადაწყვეტილება. უბრალოდ, საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს საბოლოოდ მე ვაწერ", _ აღნიშნა მურუსიძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძინა, რომ მოსამართლეების ნაწილს საქმეების განხილვა უკვე დასრულებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში, მოქმედ ხუთ მოსამართლეს, 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ, მოსამართლედ საქმიანობის პერიოდი გაურკვეველი ვადით გაუხანგრძლივდა.