"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, თემურ სალუქვაძე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე გია სალუქვაძის დანიშვნას უწუნებს.
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის წარმომადგენლებთან თემურ სალუქვაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლებიდან უკვე დიდი ხანია გონივრულ გადაწყვეტილებებს აღარ ელოდება.
"მითუმეტეს, საკადრო საკითხებში, მიუღებელია ის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, დამკვიდრდა გურიაში, საკვანძო ადგილებზე, მხოლოდ გვარის გათვალისწინებით კადრების დანიშვნა. ეს უკვე მერამდენედ, ინიშნება ადამიანი, რეალურად არ იცნობს გურიის რეგიონის პრობლემატიკას და ადგილობრივ მოსახლეობას. ასეთი ტიპის, საკადრო ცვლილება, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმ უამრავი შეცდომის დაშვებისა, რაც ასევე, ხელისუფლების სხვა, ყოფილი წარმომადგენლებისგან დაგვრჩა გურულებს. საუბარი მაქვს, ახალი გუბერნატორის დანიშვნაზე, რომელიც პრემიერმა, დიდი ძებნისა და რჩევის შედეგად, 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა. მე, როგორც რიგითი ოზურგეთელი, არ ვიცნობ ამ პიროვნებას, თუმცა ისევე როგორც ბევრ ადამიანს საქართველოში, მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გამიჩნდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ხელისუფლების სურვილია, სამართალდამცავი სტრუქტურებით მართოს სახელმწიფო ინსტიტუტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თავისუფალი დემოკრატები, საზოგადოებასთან ერთად დავასრულებთ ამ მახინჯ პრაქტიკას. ისიც სალუქვაძეა და მეც სალუქვაძე, პიროვნულად არავის არ ვეხები, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არ ვემხრობი", – თქვა თემურ სალუქვაძემ, რომელმაც გია სალუქვაძის მოადგილებზე, ქეთი მოისწრაფეშვილზე და სოსო ერქომაიშვილზეც ისაუბრა.
"ყოველთვის მივესალმები გონიერი და განათლებული ახალგაზრდების პოლიტიკისა თუ ქვეყნის მართვაში ჩაბმას. იმედი მაქვს, პროცესებში ჩართულობით, ის კარგად გააანალიზებს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. როგორც მითხრეს, ერთ-ერთ მოადგილედ ინიშნება სოსო ერქომაიშვილი, რომელსაც ვიცნობ და ვიცი მისი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, დარწმუნებული ვარ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დაიწყება ყალბი პროცესი, "ქართული ოცნებისგან" უხეშად მივიწყებული თანამებრძოლების შემორიგებისა… მივმართავ ამ ადამიანებს, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ და მეგობრულად მინდა ვურჩიო, ჭკვიანი ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს, თქვენ კი საკუთარ თავზე გამოცადეთ ბევრი, რამ, უმადურობა, იგნორი, უსამართლობა. არ დაუშვათ კიდევ ერთი შეცდომა, რეალურად შეაფასეთ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა ამ ხელისუფლების პირობებში, ნუ ენდობით ყალბ დაპირებებს. ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის გრძელდება", _ აღნიშნა პრესკონფერენციაზე თემურ სალუქვაძემ.