"სამწუხაროდ, საქმის კურსში არ ვიყავი ბაღი ოფიციალურად გუბერნატორმა თუ გახსნა. ყველამ იცოდა ეს საჩუქრები სწორედ გახსნის დღეს რომ უნდა მიგვეტანა, მაგრამ რატომღაც ამის შესახებ არ გამაფრთხილეს. ამიტომაც გადავწყვიტე დღეს გადამეცა ბავშვებისთვის საჩუქრები. მარტო კი, იმიტომ ვარ, რომ ამის პიარი არ მჭირდებოდა. უბრალოდ, ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი წითელი ჯვრის ორგანიზაციას", _ აცხადებს ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი, რომელიც ქვიანის საბავშვო ბაღს ოფიციალური გახსნიდან მეორე დღეს ეწვია.
მან აღსაზრდელებს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ლანჩხუთის წარმომადგენლობის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.
ქვიანის საბავშვო ბაღის ოფიციალური გახსნა ჯერ კიდევ 1 მაისს ანონსდებოდა. ლანჩხუთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც ელოდნენ. მაშინ ეს ვიზიტი არ შედგა და ბაღის გახსნის პატივი გუშინ ლანჩხუთში სტუმრად მყოფ გურიის მხარის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს ერგო.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ლანჩხუთში ვიზიტის შესახებ გამგებლის პირველი მოადგილე ინფორმირებული არ იყო.