აღმაშენებლის #73, ბუხაიძის#40-სა და უზნაძის#84-ში საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„ჩუღურეთის რაიონში, სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აქ მაცხოვრებლებს წლებია აწუხებთ სახურავების პრობლემა. მათ წერილობით მოგვმართეს ჩუღურეთის გამგეობას. საკითხის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ,“ – განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
33 908 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება სახურავის დამჭერი ხის მასალა და გადაიხურება თუნუქის სახურავით, შეიცვლება წყალსაწრეტი მილებიც. სამივე სახლის სახურავის ფართობი, ჯამში, 1310 კვადრატული მეტრია.
აღნიშნულ მისამართებზე, სახურავების შესაკეთებლად, სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით დააფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების ღირებულების მხოლოდ 20%-ს გადაიხდის. აღმაშენებლის #73, ბუხაიძის#40-სა და უზნაძის#84-ში 27 ოჯახი ცხოვრობს.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 29 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 11 ათას 530 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 299 ათას 948 ლარი.
ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 556 განცხადებაა შესული.