თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის კონკურსს აცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო.
"დედაქალაქის სივრცით–ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტი – „ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა’’ თბილისის საკრებულომ 2009 წელს დაამტკიცა. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის ბოლოს, მოწვეული ექსპერტების დახმარებით, 2009 წლის დოკუმენტის ანალიზი დაიწყო და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი განახლებისთვის კონკურსის გამოცხადება, რადგან როგორც ანალიზმა აჩვენა აღნიშნული დოკუმენტი არ ასახავს ქალაქის გავნვითარების პრიორიტეტებს, არ განსაზღვრავს მომავალში – როგორი ქალაქი უნდა იყოს თბილისი და მეტწილად არამუდმივი განვითარებისკენაა მიმართული.
იმისათვის რომ მივიღოთ, ტერიტორიულ–სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე დაფუძნებული მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს შემდეგი პირობებით: თბილისის ურბანული განვითარება უნდა დაეფუძნოს ერთის მხრივ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და მეორეს მხრივ, ქალაქის ტერიტორიულ–სივრცითი სრულყოფა ორიენტირებული უნდა იყოს მის ბუბნებრივ და ისტორიულ –კულტურულ უნიკალურობაზე"_ განაცხადა ღოღობერიძემ.