"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის პირად მძღოლად, შესაძლოა, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი მდინარაძის ყოფილი მძღოლი გელა გაბედავა დაინიშნოს.
გელა გაბედავა რამდენიმე თვეა, რაც შსს-დან დაითხოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის საწვავის მითვისების ფაქტზე დაიჭირეს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას შსს პრესსმსახურში არ გვიდასტურებენ. გელა გაბედვა წლების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობზე.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე " გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მძღოლის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, თუმცა არის თუ არა მათ შორის გელა გაბედავა ამაზე კონკრეტულ პასუხს არ გვცემს.
"იცით რა არის, მანქანა გვყავს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ არ იყო მძღოლი, გადავწყვიტე, რომ ავიყვანო პროფესიონალი მძღოლი, ვერ გეტყვით კონკრეტულად ვინ დაინიშნება, რამდენიმე კანდიდატურა არის, განვიხილავ მათ, თუმცა სახელს და გვარს ვერ გეტყვით", _ გვითხრა გია სალუქვაძემ.
კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას გელა გაბედავას შსს რიგებიდან დათხოვნის შესახებ, გვპასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"უი, რას ამბობთ, ჩავიწერ, ნამდვილად არ ვიცი თუ შსს მუშაობდა და მით უმეტესად თუ რის საფუძველზეც გაათავისუფლეს", _ აცხადებს სალუქვაძე.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მძღოლი გელა გაბედავა „გურია ნიუსის" კითხვამ შსს-დან მისი დათხოვნის მიზეზებთან დაკავშირებით, გააღიზიანა.
"რაშია საქმე, თქვენ რაში გაინტერესებთ მე სამსახურიდან რატომ გამომიშვეს? თუ გაინტერესებთ კი გაიგებთ ისედაც, შეგიძლიათ მოიპოვოთ მასალები, მე წამოსული ვარ და ბათუმში გადავედი სამუშაოდ. ვინ გითხრათ, რომ გურიის გუბერნატორის მძღოლად ვინიშნები? არსად არ ვინიშნები, არც საუბარი მქონია, მე არ ვარ ოზურგეთში, რამდენიმე დღის წინ კი ვიყავი ჩამოსული, მაგრამ ისევ წამოვედი", _ აცხადებს გაბედავა.
კითხვას გამოუშვეს თუ არა საწვავის მითვისების ფაქტზე, გაბედავა კომენტარს არ აკეთებს, არც უარყოფს და არც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს და ამბობს, რომ პირადი საქმეებით არის დაკავებული.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ რა მოტივით არის გაბედავა უწყებიდან გათავისუფლებული, შსს პრესსმასახურს დაუკავშირდა.
თავდაპირველად გვითხრეს, რომ მიზეზებს მოიძიებდნენ და აუცილებლად დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ გვაცნობეს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოსათხოვად კითხვები ოფიციალურ მეილზე უნდა გაგვეგზავნა.
"მოგწერე მაილი, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ საჯარო ინფორმაციის ბიუროში, იქედან უნდა ამოიღოთ", _ გვითხრა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია წიტაიშვილმა.