საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეითანხმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ–ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზაზა აბაშიძის დანიშვნის საკითხი.
აღნიშნულის თხოვნით მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ დაამტკიცა.
ზაზა აბაშიძე არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად.
ზაზა აბაშიძე იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საქართველოს ეროვნული არქივის თავმჯდომარის მრჩეველი და საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი.
მას სტაჟირება გავლილი აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით კი–რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში.
ზაზა აბაშიძე არის ასოცირებული პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი.
ცნობისთვის, ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები ზაზა აბაშიძის დანიშვნის საკითხს აპროტესტებენ და ძველი ხელმძღვანელის, ბუბა კუდავას დაბრუნებას ითხოვენ.