"ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამავე კომპანიის დასავლეთ საქართველოს ფილიალის თანამშრომელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში _ მან 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან, აგრეთვე, შეძლო მსოფლიო რეკორდების გამეორება სამჭიდში, სადაც დააგროვა საერთო ჯამში 590 კგ და ამოწევაში, სადაც გაიმეორა შარშანდელი რეკორდი და ამოწია 220 კგ. რეკორდის დამყარებისთვის გივი მარგველაშვილს გადაეცა აბსოლუტური თასი.
25-ე საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმსა და ამოწევაში უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-17 მაისს. ჩემპიონატში მონაწილეობა 45 ქვეყნის 550-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გივი მარგველაშვილი თვეების მანძილზე ემზადებოდა. პროფესიით ენერგეტიკოსი, იგი ძალისმიერი სამჭიდით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა, პროფესიონალურად ამ სპორტით დაკავდა 2010 წლიდან.
2014 წლის მაისში, გივი მარგველაშვილი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში. შემდეგ იმავე წლის 7-9 ნოემბერს კიევში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – წოლჭიმში ასწია 140 კგ, ხოლო ამოწევაში _ 220 კგ, რაც დღემდე აღნიშნულ სპორტში ვერც ერთმა მჩატე წონის (65 კგ) სპორტსმენმა ვერ შეძლო.
გივი მარგველაშვილი ამჟამად მუშაობს "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალში იმერეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის I კატეგორიის მორიგედ.