სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 28 წლის კაცი დააკავეს.
უწყების ცნობით, ის ვიდეოზარით კომუნიკაციისას მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა, იმის შემდეგ, რაც ბავშვმა კაცთან კომუნიკაცია შეწყვიტა, მალევე, სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 13 მარტს, 13 წლის დაზარალებულმა, ბრალდებული სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გაიცნო. ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან „Facebook/Messenger“-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. „სქრინების“ გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა. აპრილის თვეში დაზარალებულმა კომუნიკაცია შეწყვიტა ბრალდებულთან და სოციალურ ქსელში დაბლოკა, ასევე არ პასუხობდა მის ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. აღნიშნულიდან მალევე, სოციალურ ქსელ „Tiktok”-ზე გავრცელდა არასრულწლოვანის ფოტოები, სადაც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. გოგოს ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუგზავნეს მის მეგობარსაც. ასევე, 13 წლის დაზარალებულს სოციალურ ქსელში უკავშირდებოდნენ მისთვის უცნობი ადამიანები, რომლებიც მისი ინტიმური ფოტოების დედასთან გადაგზავნით ემუქრებოდნენ”, – წერია განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც, რასთან დაკავშირებითაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას უზრუნველყოფს.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.