დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მწვავე რეაქცია მოჰყვა დარეგისტრირების მიზნით წარმოდგენილი ფრაქციის, "გენდერი ჩვენი ოზურგეთისთვის" საკითხს.
აღნიშნული ფრაქციის დარეგისტრირებაზე ქალმა დეპუტატებმა: ლელა ნაცვალაძემ, ლალი სიჭინავამ და როზეტა სკამკოჩაიშვილმა იზრუნა.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ საკრებულოს დეპუტატებს განუმარტა, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 30-ე მუხლის პუნქტების მოთხოვნებს, რომ საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ უპარტიო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება აქვს, გაერთიანდეს მხოლოდ ამ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციაში) და საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. ამიტომ კენჭისყრით დეპუტატთა უმრავლესობამ უარი უთხრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას "გენდერი ჩვენი ოზურგეთისთვის" დარეგისტრირებას.
დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ ეს გადაწყვეტილება თავისი მკვეთრი გამოსვლით გააპროტესტა:
"ჩვენი გენდერული საბჭო ისედაც აკეთებს საქმეებს და არაა პრობლემა, ფრაქცია თუ არ შეიქმნება. თანახმა ვარ, არ დარეგისტრირდეს. თუმცა, განიხილეთ ყველა ის დასკვნა, რაც დღემდე დადებულა. გადაიხედოს ყველა ის ფრაქცია, რაც დღემდე შექმნილა, მთავარია ადამიანობა, რომელიც თქვენ არ გაგაჩნიათ. ახლა არ მინდა აქ "ნაციონალები" გავაცინო. ეროდი გორდელაძე, სანამ დიმიტრი კვერღელიძის (საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე მ.ჩ.) ჭკუაზე ივლი, მასე იქნება შენი საქმე", _ განაცხადა ნაცვალაძემ და სხდომა დატოვა.
თავის მხრივ, დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ შექმნილა და არ შეიქმნება არცერთი ფრაქცია, რომელიც ხალხის ზურგზე ბიუჯეტის ფულის ხარჯვას დაიწყებს.