ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" ოზურგეთელი ლიდერი ბესო ქათამაძე, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"მე, როგორც "თავისუფალი ზონის" ოზურგეთის ხელმძღვანელი მინდა გამოვეხმაურო გურიის გუბერნატორის ცრუ ბრალდებებს.
სიცრუეა, რომ თითქოს ,,თავისუფალი ზონის" მიერ იქნა ორგანიზებული არასრულწლოვნების ჩვენებაზე მიყვანა. ეს ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას, რასაც ადასტურებს განათლების სამინისტროს დასკვნა.
გურიის გუბერნატორის ფილმი აგებულია რუსეთის გმირის ლადო ბედუკაძის დადგმულ კადრებზე, რის გამოც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ის რუსეთში დააჯილდოვეს. აღნიშნული ფილმის არასრულწლოვნებისათვის ჩვენება დაუფასდა სალუქვაძეს და ის რეგიონის ხედვების და გეგმის გარეშე დაინიშნა გურიის გუბერნატორად.
მინდა მივმართო გუბერნატორს მოეშვას სიცრუის ტირაჟირებას და დაკავდეს რეგიონში არსებულ პრობლემების მოგვარებით", _ აღნიშნა ქათამაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც გურიის გუბერნატორიც ესწრებოდა. მან " თავისუფალი ზონა" ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვნების მიყვანის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
ამავე თემაზე:
გურიის გუბერნატორი "ნაციონალებს": "ასახავს თუ არა ფილმი იმ რეალობას, რაც საზოგადოებამ ნახა?"