22 მაისს კიოლნის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა გაერთიანება აისის და გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით კიოლნის უნივერსიტეტში მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქართული მუსიკის საღამო. ღონისძიების პირველ ნაწილში გერმანიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე, ისტორიულ პერსპექტივებზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც თან ახლავს დამოუკიდებლობას 90 იანი წლებიდან, კერძოდ კი ქართული ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ზეწოლა საქართველოზე ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. აისის ხელმძღვანელმა ნინო ბურდილაძემ ისაუბრა ქართულ ხალხური მუსიკაზე და მოამზადა ერთგვარი შინაარსობრივი შესავალი ღონისძიების მეორე მუსიკალური ნაწილისთვის. მუსიკალურ ნაწილში დუსელდროფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდმა საქართველოს თითოეული მხარისთვის დამახასიათებელი ქართული, ხალხური სიმღერები შეასრულა, ასევე საგალობლები, რომლებმაც როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუმრზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გერმანიის ერთ ერთი უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტის კედლებში პირველად ჟღერდა მრავალჟამიერი თუ ხასანბეგურა. მგალობელთა გუნდმა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოს ბექა ფერაძის ხელმძღვანელობით ასევე იმღერა აფხაზური სიმღერა, ჩანაწერის სახით კი წარმოდგენილი ოსური სიმღერის მეშვეობით კიდევ ერთხელ მოხდა დაფიქსირება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კიოლნის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა. საღამოს არაფორმალურ ნაწილში სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.