ეკოლოგიურად რამდენად სუფთა გარემოში ვცხოვრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდეს? ამ კითხვით დაიწყო დღეს, :ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოზურგეთის ოფისში შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე, მოადგილე ნინო გოგუაძე, საკრებულოს წევრები, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ორგანიზატორი საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე იყო.
“დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეხება კონსტიტუციის 37 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოსახლეობის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, იცოდეს, თუ რამდენად ჯანსაღ გარემოში უწვეს ცხოვრება. ამ თემაზე არაერთი კვლევა ჩატარდა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ასევე ქალაქ ოზურგეთშიც არის ძალიან ცუდი გარემო პირობები,“ _ აღნიშნა ტრაპაიძემ.
ჟურნალისტმა გოჩა ჭანიშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე, ადგილობრივმა მოსახლეობის მიერ ჯართის მოპოვებისას, მიწაში დამარხული სარაკეტო სითხეების აღმოჩენის შესახებ ისაუბრა: „სითხე, წლების განმავლობაში, მრავალტონიან ავზებში იყო მოთავსებული. ეს რეაქტიული საწვავი _ მელანჟი და სამინი, რომელიც სარაკეტო წვრთნების დროს მხოლოდ რაკეტებისთვის გამოიყენებოდა და მისი სხვა დანიშნულებით მოხმარება გარკვეულ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ავზებს მოსახლეობამ სარქველი მოხადა და სწორედ მაშინ დაიწყო მათი უბედურება: ინტოქსიკაციები, ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლე, დაქვეითებული მხედველობა, გადამხმარი ციტრუსი, დაბინძურებული ეკოლოგია.“
გოჩა ჭანიშვილმა, ასევე, ანასეულში არსებულ რადიაციულ ნარჩენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანასეულში რადიაციის მაღალი ფონია.