მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სასამართლო სისტემაში აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების საგნად იქცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით კანონპროექტში სადამსჯელო ღონისძიებების გამააქტიურებელი მექანიზმის დამატებას მოსამართლეთა კორპუსი აპროტესტებს.
კანონპროექტის საფრთხეებზე, მოსამართლეების დასჯის მიზნებზე, სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ გადადგმულ სასიკეთო ნაბიჯებსა და სხვა საკითხებზე "გურია ნიუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებები განსჯის საგანია. რა საფრთხეს უქმნის კანონპროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობას და კონკრეტულად რას ეწინააღმდეგებით ამ პროექტში?
_ როგორც იცით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში სასამართლო სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ცვლილებები შედის. თუმცა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით, კანონპროექტს დაემატა რამდენიმე საკითხი, რომელიც არათუ სასამართლო სისტემის ეფექტურობას და გაუმჯობესებას, გაუარესებას გამოიწვევს. საქმე ეხება ინსპექტორის ინსტიტუტს, რომლის მიხედვითაც, ინსპექტორს ექნება უფლება განახორციელოს მოსამართლეების დაბარება, ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება, დისციპლინურ პასუხისგებაში მოსამართლის მიცემის შესახებ. დღევანდელი კანონმდებლობით, ამის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ანუ მე მაქვს. ანუ გამოდის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც კონფერენციის მიერ არის არჩეული და კონკურსის წესით არჩეულ ინსპექტორს, რომელსაც აქვს 5 წლიანი იურიდიული განათლება და არანაირი სამოსამართლო პრაქტიკა არ აქვს, ერტნაირი ღონისძიებების გატარების უფლება გვექნება.
_ ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ფუნქციებს ართმევენ? სისტემაში რა საფრთხეებს გამოიწვევს ეს ცვლილება?
_ მარტო ჩემთვის ფუნქციების ჩამორთმევაზე არ არის საუბარი. მე საბჭოში ერთი წელი მაქვს დარჩენილი. მხოლოდ ეს ცვლილება არ ქმნის საფრთხეს, ამას მოსდევს სხვა რიგი ცვლილებები, რაც ერთობლიობაში სასამართლოში აჩენს განცდას, რომ ვიღაცას მოსამართლეების დასჯა უნდა. კომპლექსურად, საბჭოს მდივნის ფუნქციები გადადის დამოუკიდებელი ინსპექტორის ხელში, რომელსაც 5-წლიანი იურიდიული განათლება აქვს და თავისი აპარატი ჰყავს. ინსპექტორი სისტემაში პროკურორივით მოდის. ექნება უფლება, რომ საჩივრის გარდა, კიდევ შეამოწმოს სხვა დარღვევებიც ხომ არ აქვს მოსამართლეს. თუ ინსპექტორის შემოღებაზეა საუბარი და მდივნის ფუნქციები მან უნდა შეასრულოს, მაშინ რატომ არ უნდა აირჩიოს ის მოსამართლეთა კონფერენციამ და არა საბჭომ? 220 მოსამართლიდან ნდობა 204-მა გამომიცხადა. სად ჩემი ლეგიტიმაცია, რომ დავუძახო მოსამართლეს და ახსნა-განმარტება მოვთხოვო და სად ვიღაც ინსპექტორის, რომელიც გარეშე პირია?! არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ამბობს, რომ ერთადერთი ორგანო, რომელსაც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაწყება შეუძლია საბჭოს.
_ გარდა ინსპექტორის ინსტიტუტისა, მოსამართლეთა ნაწილი დისციპლინური დევნის საკითხის გადაწყვეტისას ხმების რაოდენობის 10-დან 8-მდე ჩამოყვანასაც აპროტესტებთ…
_ კანონში ცვლილების შემდეგ, ინსპექტორის ინსტიტუტთან ერთად, იყო იმის მცდელობა, რომ 8 ხმამდე ჩამოიყვანონ და კენჭისყრა არა ფარულად, არამედ ღიად ჩატარდეს. თუ დევნის დასაწყებად ერთი წლის წინ 10 ხმა პროგრესულად მიგვაჩნდა, ახლა 8 ხმაზე რატომ ჩამოგვყავს? არ შემაქვს ვინმეს წესიერებაში ეჭვი, მაგრამ ხომ შეიძლება საბჭოს მდივნის, ან გარკვეული მოსამართლეების გავლენის ქვეშ მოექცნენ საბჭოს წევრები და ხელს ვისზეც ავწევ, მათაც იმ საკითხს მისცენ ხმა. არ ვამბობ, რომ საბჭოს წევრები დამოუკიდებლები არიან, მაგრამ კანონმა არ უნდა შექმნას პრეცენდენტი, რომ ვინმე გავლენის ქვეშ მოექცეს. ეს მოსამართლეთა კორპუსში იწვევს განცდას, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს და მე, საბჭოს მდივანს ვალდებულება მაქვს, მოსამართლეების გვერდით დავდგე.
მოსამართლეებს ისიც კი უქმნის უხერხულობას, როდესაც ჩვენთან შემოდის საბჭოში საჩივარი მასზე და ჩვენ ვურეკავთ მას ახსნა-განმარტებისთვის. ამიტომ, მოსამართლეებისგან შემდგარმა საბჭომ და უფლებამოსილმა პირმა უნდა მიიღოს მის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გადაწყვეტილება და არა ინსპექტორმა. მოსამართლე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და დარღვევის შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს, ის მაინც დამოუკიდებელია. საფრანგეთის მაგალითს რომ ვახსენებთ, იქ ინსპექტორი არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ინსპექტორი გარეშე პირი იყოს. და თუ მაინცდამაინც უნდათ ამ ინსტიტუტის შემოღება, მაშინ ისიც კონფერენციამ აირჩიოს.
_ შეეხება თუ არა ცვლილება იმ კრიტერიუმებს, რომლითაც მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა დაიწყება?
_ საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს მოსამართლე ხელშეუხებელია, თუმცა, კანონით ის კრიტერიუმებიც კი არ არის გაწერილი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მის მიმართ დისიპლინური დევნა დაიწყოს. ზოგადი განმარტებები გვაქვს – მაგალითად, არაჯეროვანი შესრულება, თუმცა, ამაში რა იგულისხმება, მოსამართლეებმა არ იციან. გვეუბნებიან, რომ მოსამართლისთვის გადაცდომაა, როდესაც გადაწყვეტილების დასაწერად მას 2 თვე აქვს და ამ ვადაში ვერ ჩაეტევა. როდესაც მოსამართლეს დღენახევარი აქვს პროცესის ჩასატარებლად და არ შეიძლება 5 დღე ზედიზედ ატაროს პროცესები, დარბაზი არ აქვს, როგორ ვუთხრა, რომ საქმე 2 თვეში დაამთავროს? მაქვს პოზიცია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს არა აქვს სასამართლო დარბაზის გამოყენების უფლება ყოველდღე, აწერია უამრავი საქმე, დარღვევად არ მივიჩნევ. მოსამართლეებს ან ღირსეული სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ, ან სანამ ეს პირობები არ არის, იმაზე მაინც დავილაპარაკოთ, რა შეიძლება მოსამართლის მხრიდან არაჯეროვან შესრულებად ჩაითვალოს. მოსამართლეთა კორპუსი შეგვკრიბონ, არასამთავროები, ადვოკატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მკაფიოდ განვსაზღვროთ, რა უნდა ჩაიდინოს მოსამართლემ რომ მასაზე დისციპლინური დევნა დაიწყოს. რა შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს.მაგრამ იმის გამო, რომ ამ 2 წლის განმავლობაში არცერთი მოსამართლე არ მიცემულა დისციპლინურ პასუხისგებაში, კანონში ინსპექტორის ინსტიტუტი შემოვიტანოთ, წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს სასამართლო სისტემის უკან დახევა იქნება.
ვთავაზობ ქალბატონ ნინოს, ახალი საჩივრებია შემოსული საბჭოში და დავიწყოთ განხილვა. მაინტერესებს, მისი თავმჯდომარეობის პერიოდში რამდენი მოსამართლე მიეცემა დისციპლინარულ პასუხისგებაში. მინდა, ვაჩვენო მას, რომ საბჭოში ხელს არავის ვაფარებთ. ინსპექტორი კი არ შემოვიღოთ, საქმეების განხილვა დავიწყოთ.
_ანუ იყო გადაცდომები, თუმცა საბჭომ მოსამართლეზე დისციპლინარული დევნა არ დაიწყო?
_ იყო ეს გადაცდომები, თუმცა მოსამართლე და არამოსამართლე წევრებმა ზემოთ აღნიშნულის გამო მივიჩნიეთ, რომ თეორიულად შეუძლებელი იყო მოსამართლეს ვადების დაურღვევლად საფუძვლიანად დაეწერა გადაწყვეტილება. თუ ერთიდაიმავე მოსამართლეს ჰქონდა ერთნაირი გადაცდომები სარეკომენდაციო ბარათით მივმართეთ და გავაფრთხილეთ, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ამისთვის. არ მიმაჩნია სამართლიანად, ამ პირობებში, ვადის დარღვევის გამო მოსამართლე დავსაჯო.
_ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ადვოკატებს მეილზე მიუვიდათ წერილები, სადაც აღნიშნულია, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ მოსამართლეებზე…
_ არ მინდოდა ამ თემის გახმაურება, თუმცა მეც მაქვს ეს ინფორმაცია. არ შემიძლია ფაქტი დაგიდოთ, მაგრამ ვიცი, რომ ადვოკატებს მიუვიდათ წერილები შინაარსით, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ მოსამართლეებზე. სახელები და გვარებიც ვიცი ამ ადვოკატების, თუმცა ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ. ეს არ არის ერთი და ორი შემთხვევა, რამდენიმე ადვოკატთან მივიდა ეს წერილები. მე როგორც საბჭოს მდივანს მომივიდა ეს ინფორმაცია, ისიც ვიცი, ვინ გააგზავნა და ის კონკრეტული გვარებიც, ვის მიუვიდა. რამდენიმე ადვოკატი მოვიდა საბჭოში და იკითხა, ასეთი შინაარსის წერილები მივიღეთ და რა ხდებაო.
_ ამის შემდეგ საჩივრების რაოდენობამ მოიმატა?
_ კი, მოიმატა. კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ არის მიმართული. ადვოკატებს აგრძნობინეს, ველი გახსნილია და რაც შეიძლება ბევრი საჩივარი შემოიტანეთო. რაც არ უნდა მოსამართლეების მხარდაჭერაზე ისაუბრონ, ამ პირობებში, რის განხორციელებასაც აპირებენ, კანონში ცვლილებიდან დაწყებული, ვერ დააჯერებენ სისტემას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება. მე კი, როგორც საბჭოს მდივანი ვალდებული ვარ მოსამართლეების მხარეს დავდგე და მათი უფლებები დავიცვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ მოსამართლის წინააღმდეგ საფუძვლიანი საჩივარი შემოვა, ჩვენ დისციპლინურ დევნას არ განვახორციელებთ. თვითონ ტენდენციაა შემაშფოთებელი, რომ ამ ფორმით გავაძლიეროთ დისციპლინური დევნა.
_გარდა ინსპექტორის ინსტიტუტისა, კანონში კიდევ ერთი სიახლე შემოდის, რომელიც სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის ახალ წესს ადგენს. რას საფრთხეებს შექმნის თავმჯდომარეების ერთდროულად გათავისუფლება?
_ თუ ადამიანი ვადით არის არჩეული, რატომ უნდა შევუწყვიტოთ მას უფლებამოსილება? ამოწუროს ვადა და შემდეგ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ვენეციის კომისიას აქვს ნათქვამი, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების ერთდროულად გათავისუფლება შექმნის განცდას, რომ კანონპროექტი სწორედ მათ მოსახსნელად არის შექმნილი. თავმჯდომარეები ამბობენ, სკამს არავინ ვეკიდებით, თუ საჭიროა ჩვენი გათავისუფლება, რაღაცეები იცვლება, გადავალთ რიგით მოსამართლეებად, ოღონდ შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებენ და მოგვხსნიანო. განცდა გაჩნდა იმისა, რომ კანონის მიღება არა სასიკეთო ცვლილებებისთვის, არამედ, ვადაზე ადრე თავმჯდომარეებისთვის გაშვებისთვის და მოედნის გასუფთავებისთვის ხდება.
_ გათავისუფლებულ თავმჯდომარეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ?
_ არ არის ეს საკითხი გარკვეული. ზოგი ამბობს რომ შეუძლიათ, ზოგი ამბობს, რომ – არა. თავმჯდომარეების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მას აქვს იმდენი ავტორიტეტი თავის სასამართლოში, დააყენოს კანდიდატურა და ისევ გაიმარჯვოს, მაგრამ ესეც არ წერია ნათლად, რისი უფლება აქვთ. ამასთან, ყველა იქითკენ არის განწყობილი, რომ თუ კანონს მიიღებენ, საკონსტიტუციო სასამართლოში წავალთო. თავმჯდომარეებისთვის ეს ღირსების საკითხია. თავად მათ პიროვნებაში ეპარებათ ეჭვი, არადა, ყველას აქვს იმის პრეტენზია, რომ არაკორუმპირებულები არიან, კრედიტები და ვალები აქვთ, მაგრამ ადამიანური მოპყრობის შემთხვევაში, ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვეტყვიან, დაგვარწმუნებენ, რომ ახალი სისხლი სჭირდება სასამართლოს, არც მიიღებენ ისინი თავიდან კონკურსში მონაწილეობას. არც ის არის კანონში მითითებული, ვინ ჩაატარებს არჩევნებს, ვინ დაამტკიცებს მის შედეგებს და ა.შ. მთელი რიგი ხარვეზებია. თუმცა ამათთვის ერთია, მთავარია, ეს თავმჯდომარეები 1 სექტემბრიდან აღარ იყონ. ჩემი ვარიანტია ამოწუროს ვადა და ეტაპობრივად დავნიშნოთ არჩევნებიც.
2012 წლის არჩევნების შემდგომ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისთვის, ამის დაუნახავობა არ შეიძლება. აქ მარტო ხელფასების მომატება არ არის, პროცესი გახდა დამოუკიდებელი. მაგრამ ახლა ერთიანად ნუ გადავყრით წყალში ამ სასიკეთო ცვლილებებს და სისტემას გაუარესებისკენ ნუ წავიყვანთ.
_ წინა წლებში რა უშლიდა ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობას და რაში იგრძნობა სისტემის დამოუკიდებლობა 2012 წლის შემდეგ?
_ თუ ადამიანი იმას იტყვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში ერთ-ორ წელიწადში შეიძლება აშენდეს, ეს დილეტანტიზმია. უნდა დავიწყოთ იმით, სად ვიყავით და სად მივდივართ. 1990-იან წლებში იყო პერიოდი, როდესაც კორუფცია იყო პოკურატურაში, სასამართლოში. უზენაეს სასამართლოში უვადო პატიმრების განაჩენები მაქვს წაკითხული, სადაც განაჩენის ფურცელზე უკანა მხარეს სხვა რაღაც ეწერა, ის გადახაზული იყო და მეორე მხარეს ხელით ეწერა განაჩენი. ეს ის პერიოდი იყო, ფურცელი რომ არ ჰქონდა სასამართლოს. 2005-2006 წლებში საქმეების შესადარებლად ძველი განაჩენები რომ გვჭირდებოდა, მაშინ ვნახე. ძველი ხელისუფლების მთავარი დამსახურება სასამართლო სისტემიდან კორუფციის აღმოფხვრა იყო, ამასთან მაქსიმაულრად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე წინა წლებში იყო. ახალმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, ახლა მთავარია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს და უკან არ დავიხიოთ. მალე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში 20-მდე კურსანტი გვეყოლება. ცოტა ხნის წინ დავნიშნეთ 24 მოსამართლე, ნელ-ნელა სისტემაც შეივსება. სანამ მე ვარ საბჭოს მდივანი, მინდა რომ სისტემა ცოტა გაიმართოს. ახლა მთავარი ის არის, ყველა მოსამართლე გავერთიანდეთ და ის კარგი ტენდენციები, რაც სასამართლო სისტემაში გაკეთდა განვავითაროთ და ბოლომდე მივიყვანოთ.
_ 2012 წლის შემდეგ მოსამართლეთა სახელფასო ანაზღაურების საკითხი გამოსწორდა, თუმცა პრობლემად რჩება საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი. ამ მხრივ, თუ არის რაიმე ცვლილება?
_ დიახ, როდესაც მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ის რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეუსრულა სასამართლო სისტემას. ხელფასების მომატებას ვგულისხმობ. რაც შეეხება პენსიის საკითხს, ეს საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რაც დაკავშირებულია ბიუჯეტთან. ახლა პირველ ინსტანციაში 560 ლარია პენსია, უზენაესში – 1200 ლარი. აპირებენ, რომ თუ პენსია მოიმატებს, ეს მხოლოდ იმ მოსამართლეებზე გაავრცელონ, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ დაინიშნებიან. საპენსიო კანონს ყველა ქვეყნის ხელისუფლება პრობლემურად უყურებს. არის ქვეყნები, სადაც კანონს უკუძალას არ აძლევენ, რაც უსამართლოდ მიმაჩნია. ვფიქრობ, ყველაზე უნდა გავრცელდეს. თუ პარლამენტის წევრს ენიშნება სამუდამო პენსია, რატომ არ უნდა დაენიშნოს მოსამართლეს?! მაგრამ ჩემი აზრით, სასამართლოში საპენსიო რეფორმა ზოგადად ქვეყანაში საპენსიო საკითხს უნდა მიებას. მთავარი მთავრობის პოზიციაა. თუმცა, ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს პროექტი, რომელიც შეჯერებულია მოსამართლეთა კორპუსთანაც. ფინანსთა სამინისტროშიც გვქონდა გადაგზავნილი, თუმცა, უარი მოგვივიდა ცოტა ხნის წინ. ახლა ქალბატონი ნინო აპირებს ეს საკითხი გაააქტიუროს და ვნახოთ რა წარმატება ექნება. უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.
_ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი განხილვის თემა იყო მოსამართლეების სახელფასო დანამატის საკითხიც. გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია, რამდენ დანამატს იღებდა მოსამართლე..
_ საბჭოს დებულებაში გვეწერა, რომ მოსამართლეებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდათ, ვაძლევდით ერთჯერადად დანამატს. დანამატი არ ეძლეოდა ყველა მოსამართლეს. ამის შემდეგ, როდესაც მოსამართლეებს დაზღვევა მოგვცეს, ასეთ დანამატებზე უარი ვთქვით და აღარ გაგვიცია. თუმცა, ხდება ისე, რომ შიგნით, საბჭოში კეთილი ნების საფუძველზე ფულს ვუგროვებთ ვისაც სჭირდება. ყოველთვიურ დანამატებზე უარი ვთქვით. მოსამართლეებს ხელფასის ოდენობის დანამატი კვარტალურად ეკუთვნით და ამას იღებენ.
_ დაბალი სახელფასო ანაზღაურების საკითხს ხშირად აბამენ კორუფციასთან. ცოტა ხნის წინ შვეიცარიის ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ სასამართლო სისტემაში კვლავ არის კორუფციული გარიგებები. რამდენად რეალური იყო მისი განცხადება და რას ეფუძნებოდა?
_ როდესაც შვეიცარიის ელჩი აკეთებს ასეთ განცხადებას ეს ყურადსაღებია. თუმცა, რის საფუძველზე გააკეთა მან ეს კომენტარი, ვერ გეტყვით. ერთი რამ ფაქტია, სასამართლო სისტემისთვის დამღუპველი იქნება კორუფცია. მოსამართლე, რომელიც კორუფციულ გარიგებაში იქნება გარეული, პროკურატურის მიერ უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს. ახლა ზოგადად ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ეს სამართალდამცავმა ორგანომ არ გამოიკვლია, სასამართლოს ავტორიტეტს, იმიჯს დააზიანებს.