(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ 7 იანვარს, შობას, ლანჩხუთში ტრადიციული ალილო გაიმართა. დღის 12 საათისთვის ივერიის ღვითმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე და მრევლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოჩნდნენ და ლანჩხუთელებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. ალილოში მონაწილეობას 100-მდე ლანჩხუთელი იღებდა, რომლებიც გზადაგზა შემოწირულობებს აგროვებდნენ და სპეციალურად ამ დღისადმი მორთულ ხარ-ურემზე ალაგებდნენ.
შემდეგ, სოფელ შუხუთიდან მომავალი მრევლი და წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა საბა შემოუერთდა სასულიერო გიმნაზიიდან დაძრულ მრევლს.
მამა იოანე: _ ჩვენს ქალაქში, ტრადიციულად, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილო იმართება. დილით შევიკრიბეთ სასულიერო გიმნაზიის ეზოში და მსვლელობა დავიწყეთ. შემდეგ ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა: ჟორდანიას, კვირკველიას, თავისუფლების მოვიარეთ და ივერონში დასრულდა ჩვენი მსვლელობა. მოსახლეობამ, როგორც სურსათი, ასევე ფულადი სახსრებიც შემოგვწირა. ეს ყველაფერი დავახარისხეთ და ლანჩხუთში არსებულ შეჭირვებულ მოსახლეობას ჩამოვურიგეთ.
მამა საბა: _ ჩვენი მსვლელობა ზემო შუხუთის და ნიგოითის საზღვრიდან დავიწყეთ. ეს უკვე ტრადიციაა და ამ დღეს ყველა ჩვენთაგანი დიდი სიხარულით ვხვდებით. ჩვენი მსვლელობა ქალაქის ცენტრში დასრულდა. შეგროვებული სანოვაგე შეჭირვებულთა ოჯახებს გადავუნაწილეთ. ასეთი კატეგორიის ადამიანების სია გვქონდა და სწორედ მათ გადაეცათ შემოწირულობა.