26 მაისს, 20:00 საათზე ბათუმში ოლიმპიურ ცეცხლს სპეც-თვითმფრინავით ჩამოიტანენ. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის მსვლელობისას თვითმფრინავიდან ოლიმპიურ ცეცხლს "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალეკო ახვლედიანი ჩამოიტანს და ოლიმპიურ ჩემპიონთან ლერი ხაბელოვთან ერთად აანთებს პირველ ჩირაღდანს.
აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპირი ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ. შემდეგ ოლიმპიური ცეცხლს მიაწვდიან ესტაფეტაში მონაწილე მეჩირაღდნეებს და დაიწყება ესტაფეტა.
ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს. საბოლოოდ, ცეცხლი პიაცის მოედანზე განთავსდება, სადაც ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი გაიმართება.
ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში.
28 მაისს ჩირაღდნის გადატანა მოხდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 29 მაისს ოლიმპიურ ცეცხლს ადიგენში ჩაიტანენ, ხოლო 14 ივნისს ქობულეთი გახდება ოლიმპიური ცეცხლის მასპინძელი.
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მიიღებს მონაწილეობას. ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 14 ივლისს ოლიმპიური თამაშების სიმბოლო თბილისში შემოვა. საქართველოს წილად ხვდა 240-ზე მეტი ქვეყნიდან 35-ე ყოფილიყო, სადაც ოლიმპიური ცეცხლი იქნება ნამყოფი.