დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასასრულს მიუახლოვდა. დილიდან, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებისთვის ედევნებინათ თვალი და დაეთვალიერებინათ სამინისტროების მიერ ორგანიზებული გამოფენები.
წლევანდელი 26 მაისი გასულ წლებთან შედარებით პომპეზურობით არ გამოირჩეოდა. რუსთაველის გამზირზე არ ჩატარებულა სამხედრო აღლუმი. საზეიმო ღონისძიებები თვითმფრინავების გადაფრენით და წვევამდელების ფიცის წარმოთქმით შემოიფარგლა.
თუმცა, როგორც "გურია ნიუსს" საზოგადოების ნაწილმა განუცხადა, 26 მაისის აღნიშვნა სამხედრო აღლუმისა და მძიმე ტექნიკის დემონსტრირების გარეშეც მისაღებია.
ნინო გულბათაშვილი, 28 წლის, უმუშევარი: "26 მაისის ღონისძიებებს წელს პირველად ვესწრები. ისე მოხდა რომ არ ვმუშაობ და ამიტომ გადავწყვიტე ბავშვები წამომეყვანა. ცრემლები მომერია თვითმფრინავებმა რომ გადაიფრინეს. ხალხმა რომ იზეიმოს ამიტომ კეთდება ყველაფერი. რაც შეეხება სამხედრო აღლუმს, სამხედრო ტექნიკის ჩავლას, ჩემში იარაღი შიშს იწვევს და სურვილიც არ მაქვს ვნახო. მომწონს წარმოდგენის ეს ფორმა".
ირაკლი, 42 წლის, დასაქმებული: "ყოველწელს ვესწრები 26 მაისის ცერემონიალს. ამ ტიპის აღნიშვნა უფრო მისაღებია ხალხისთვის, ბავშვებიც ერთობიან სპეციალურად მოწყობილ კუთხეში. სამხედრო ტექნიკის დათვალიერება, რა თქმა უნდა, მომწონს და მხიბლავს. ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს თავისი ჯარით. კარგი იქნებოდა სამხედრო ტექნიკასაც გაევლო, როგორც ადრე ხდებოდა. მართალია, ასფალტი ცოტათი ფუჭდებოდა, მაგრამ მთლად ასეც არ შეიძლება, ტექნიკის გარეშე ამ ღონისძიების აღნიშვნა".
ნინო, 23 წლის, სტუდენტი: "წელს ძალიან ვერთობი. კარგი თეატრალური წარმოდგენებია. წეღან ტანკთან ფოტოც კი გადავიღე. ასე სჯობს. ადრე სამხედრო ტექნიკას ჩამოატარებდნენ ხოლმე და სულ მეშინოდა. მშობლები მამშვიდებდნენ, მაგრამ მეგონა ომი იწყებოდა. წელს რუსთაველის გამზირზე მეგობრებთან ერთად გასართობად, სადღესასწაულოდ მოვედი".
ლევანი , 55 წლის, უმუშევარი: "26 მაისი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს დღე ყოველთვის ჩემს ჯარში ყოფნის პერიოდს მახსენებს. ძალიან მომწონს მიმდინარე ღონისძიებები. რაც მთავარია, ჩვენმა ჯარმა მცირე სახით მაინც ხომ მიიღო მონაწილეობა. ხოლო სამხედრო აღლუმს რაც შეეხება, ჩემი აზრით, არ არის საჭირო ყველამ იცოდეს, რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გვყავს".