“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, ორი თუ ათი წევრი ოჩოპინტრესავით სად გადახტება და გადმოხტება. მთავარია ის, რომ არც ერთ მათგანს დამნაშავე რეჟიმის ჩამოყალიბებისათვის ქართველი მოსახლეობის წინაშე ბოდიში არ მოუხდია,“ – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის დატოვების ფაქტი.
მისი თქმით ისინი ამაოდ ცდილობენ მათი ნაბიჯები აღქმული იყოს პატიოსანი პოლიტიკოსის მიერ გადადგმულ ნაბიჯად, რადგან ისინი ვერ მიიღებენ ვერანაირ ინდულგენციას ამ ქმედების გამო.
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე ხელმეორედ დაუჭირეს მხარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარედ და დამნაშავე ვანო მერაბიშვილის გენერალურ მდივნად დანიშვნას და ამით გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის თანამონაწილე, ასე რომ ისინი მუდმივად დარჩებიან დამნაშავე ნაციონალებად!“ -განაცხადა გიგლა ბარამიძემ.