ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოფისი, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახური იყო განთავსებული, აღნიშნული სამსახურის ყოფილი უფროსის, მერაბ კურდღელაშვილის საკუთრებაა. წყაროს თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური იანვრიდან ადგილს იცვლის და ყოფილ სანეპიდსადგურის შენობაში გადადის, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილი უფროსი, მერაბ კურდღელაშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ფართის მეპატრონე სხვაა, რომლის ვინაობის გახმაურებასაც ის მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
_ ბატონო მერაბ, ფართი, სადაც ამჟამად დასუფთავების სამსახურია განთავსებული თქვენი საკუთრებაა?
_ ჩემი საკუთრება არაა. ეს ფართი მე იჯარით მქონდა აღებული.
_ ახლა რა ხდება?
_ ახლა დამთავრდა წელი და ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა.
_ ბატონო მერაბ, გავრცელებული ინფორმაციით, ის ოფისი თქვენი საკუთრებაა და აქედან გამომდინარე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იძულებულნი არიან, ოფისი დატოვონ.
_ არა, ბატონო. ხელშეკრულების ვადა გასულია და სამსახურის ნებაა, უნდა გააგრძელებს ხელშეკრულებას, უნდა _ არა.
_ ბატონო მერაბ, რა მიზეზით იცვლის სამსახური ოფისს?
_ რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მე არავისთვის არაფერი არ მითქვამს. ფართი ჩემი კი არაა, სხვისია.
_ თქვენი საკუთრება არ არის?
_ პირადად ჩემი არა.
_ თუ შეიძლება, გვითხარით ვისია?
_ ეგ არაა “გასააფიშირებელი” და ვერ გეტყვით.
“გურია ნიუსთან” საუბარში ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ლენა ქადეიშვილი ამბობს, რომ მათი გადასვლა კურდღელაშვილის ფაქტორს არ უკავშირდება.
_ ქალბატონო ლენა, როდის, სად და რა მიზეზით გადადის სამსახური სხვა შენობაში?
_ დასუფთავების სამსახურის 109 თანამშრომელი 2012 წლის იანვარში ახალ ოფისში დაიდებენ ბინას. ახალმოსახლეობის საკითხი ოფისის ქირის გადახდის ხელშეკრულების დამთავრებისთანავე დადგა დღის წესრიგში. ჩვენ გადავდივართ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყოფილი სანეპიდსადგურის შენობაში.
_ ქალბატონო ლენა, ჩვენი წყაროს თქმით, ოფისი, სადაც ამჟამად განთავსებულია დასუფთავების სამსახური, მისი ყოფილი უფროსის, მერაბ კურღელაშვილის საკუთრებაა. ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი სწორედ ამას?
_ ახალ ოფისში გადასვლა კურდღელაშვილის ფაქტორთან არ არის დაკავშირებული. დასუფთავების სამსახურის ასიგნება ბიუჯეტიდან ხდება, 2012 წლის ბიუჯეტი კი ოფისის დაქირავების ხარჯებს არ ითვალისწინებს. სტრატეგია ქირის გადახდა კი არა, არამედ მუნიციპალიტეტის ქონების პატრონაჟი, მოწესრიგებაა, _ გვითხრა ლენა ქადეიშვილმა.