პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები დაასახელა: აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე _ გელა სამხარაულის კანდიდატურა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე_- ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა, რომლებიც დღემდე აღნიშნული კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეების თანამდებობებს იკავებდნენ.
"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება.
მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად – მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან და მათთან მოლაპარაკებების შედეგად შემოვდივარ წინადადებით, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ იქნას გელა სამხარაულის კანდიდატურა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა", – განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.