მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-მიგრანტებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება რუსეთში აქვთ. ამის შესახებ არის საუბარი ცნობილი ბრიტანული ბანკის, HSBC ინიციატივით მომზადებულ ყოველწლიურ მოხსენებაში Expat Explorer-2015.
რუსეთში მომუშავე ექსპერტები (ასე უწოდებენ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში მუშაობენ) წელიწადში 250 ათას დოლარზე მეტს იღებენ. ეს მაჩვენებელი რუსეთს მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს უცხოეთში მომუშავე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შორის შრომის ანაზღაურების მიხედვით.
მეორე ადგილზე ამ რეიტინგში ჰონგ-კონგი გავიდა, მესამეზე კი – იაპონია.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთში არსებული პირობები ყველაზე ხელსაყრელია უცხოელი სპეციალისტებისთვის. ეს, უპირველესად, გადასახადების სიმცირით აიხსნება. ამ ქვეყანაში მომუშავე სპეციალისტებს მეტი თანხა რჩებათ, რადგან მათი შრომა ხშირ შემთხვევაში პირადი ანგარიშსწორებით ნაზღაურდება.