ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად, ჟურნალისტების ქსელი შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, "ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო-ს" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა" ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა.
ტრენინგში რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. მედიის წარმომადგენლებს თვითმმართველობის კოდექსის სიახლეები, თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამული ბიუჯეტი და თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების შესახებ კანონპროექტი გააცნეს.
ტრენინგზე შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ჩამოყალიბდა ჟურნალისტთა ქსელი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე იმუშავებს.
"ჟურნალისტთა ქსელი ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის" წარმოადგენს რეგიონალური განვითარების თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლის მიზანია ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ქსელში გაერთიანებულ ჟურნალისტთა მხარდაჭერა და მათ შორის კომუნიკაციის პროცესის უზრუნველყოფა, არასამთავრობო სექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოქმედ სხვა აქტორებთან თანამშრომლობა.
ჟურნალისტთა ქსელში სხვადასხვა რეგიონების მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტები ერთიანდებიან.