ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოძახილი საკრებულოშიც მოჰყვა, ამ პარტიის სამი წევრისგან შემდგარი ფრაქცია დაიშალა, თუმცა როგორც მოვლენებმა ცხადყო მხოლოდ რამდენიმე დღით.
საქმე ისაა, რომ ლესის მაჟორიტარმა ელისო ჭიჭინაძემ ფრაქციის დატოვების თაობაზე განცხადება გასულ პარასკევს საკრებულ დახურულ სხდომაზე გააკეთა, თუმცა მომდევნო ორშაბათს ფრაქციაში ახალი წევრი შევიდა, სოფელ ჩიბათის მაჟორიტარმა იოსებ სარჯველაძემ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ ოფიციალურად დატოვა და „დემოკრატებს“ შეუერთდა.
ელისო ჭიჭინაძემ „თავისუფალი დემოკრატები“ ფრაქციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან ფრაქციის მიზეზებზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, მის ამ გადაწყვეტილებას წინ ზეწოლა უძღოდა.
„ 27 მაისს ელგუჯა ჩხაიძემ ფრაქციის სხდომა მოიწვია, რომელსაც თავად ვახტანგ ზენაიშვილიც ესწრებოდა. ფაქტობრივად, ის უძღვებოდა სხდომას. ზენაიშვილისგან ჩემი მისამართით წამოვიდა შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩემი მისამართით. ფრაქციის წევრი გიორგი ჩახვაძეც იმყოფებოდა, რომელიც რამდენჯერმე ჩადგა კიდეც ჩემსა და ზენაიშვილს შორის. საქმე ისაა, რომ თითქოს მე ამ უკანასკნელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ვთქვი, რომ კარგი ქნეს რომ მოხსნესო.
მე ვთვლი, რომ როცა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა დატოვეს თანამდებობები, მაშინ მე ვახტანგის ადგილას რომ ვყოფილიყავი განცხადებას დავწერდი წასვლის თაობაზე.
ფრაქციის სხდომისას ვახტანგ ზენაიშვილმა მაგიდაზე ხელები მიბრახუნა, გაუნათლებელი და სოფლელი მიწოდა. ყველაფერ ამას ელგუჯა ჩხაიძეც ისმენდა, მაგრამ სიტყვა არ ამოუღია ჩემს დასაცავად. ჩხაიძეს რომ ბოდიში მოეხადა და ეთქვა, -ელისო ასეც ხდება პოლიტიკაშიო, მე მაშინ ფრაქციას არ დავტოვებდი“, – განაცხადა ელისო ჭიჭინაძემ, რომლის თქმითაც სამომავლოდ ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
„თავისუფალი დემოკრატები“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ჭიჭინაძის ბრალდებებთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს: -„როცა რამე არ მოგვწონს ჩვენ ამას ყოველთვის ხმამაღლა ვამბობთ. ქალბატონი ელისო ხშირად აღნიშნავდა, რომ სოფელ ლესაში ყველაფერი გადაყვავებულია ამ ხელისუფლების პირობებში, თუმცა მე იქ ხშირად მიწევს სიარული და ასეთი არაფერი შემინიშნავს. სტიქიამ ხიდები დააზიანა და მისი აღდგენა თუ ხდება, ესაა აყვავება?! როცა ნაგვის ურნებს ქუჩიდან ქუჩაზე დარბენინებენ, რომ სტუმრად ჩამოსულ მინისტრს ასიამოვნონ, ესაა კარგად ყოფნა?!
როცა ვახტანგ ზენაიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ელისომ დამირეკა და მითხრა, რომ შეხვედრა სურდა. შვებულაბაში ყოფნის მიუხედავად მაინც შევიკრიბეთ 27-ში, ამ შეხვედრას შემთხვევით შემოესწრო ზენაიშვილიც. სწორედ აქ მოისმინა მან ჭიჭინაძის ნათქვამი, რომ რახან ზემოთ პარტიაში დატოვეს პოსტები, ვახტანგიც უნდა წასულიყო. მაშინ ვახტანგმა მას აუხსნა, რომ ის თვითმმართველობას წარმოადგენდა და არ იყო საჭირო მისი გადადგომა.
ელისო ჭიჭინაძემ დაიწყო ისეთ რამეებზე საუბარი, რაც, ჩემი აზრით, შეუფერებელია ერთ პარტიასა და ფრაქციაში მყოფებისთვის. ზენაიშვილი ეუბნებოდა, შენ ხარ საკრებულოს წევრი და უბრალო სოფლელი ქალივით ნუ იქცევიო. სწორედ ეს მიიღო მან შეურაცხყოფად.
ვთვლი, რომ აქ გაცილებით სხვა ამბებია. ჩვენ თითქმის ფრაქცია არც გვქონია, სხვა სამსახურიდან გამომდინარე ელისო ჭიჭინაძე ფაქტობრივად, სხდომებს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ხელს ვუწყობდით. მას პრეტენზია ქონდა ხელფასზე, ამბობდა არ მყოფნისო. პარტიებში კამათისას ხმამაღალი საუბარი ჩვეულებრივი მოვლენაა.
არასდროს მიგრძვნია ჭიჭინაძისგან, რომ ის ჩვენი პარტიის წევრი იყო. მას ქონდა ისეთი პრეტენზიები, რომელიც ჩვენთან შეუსაბამობაში იყო. ახლა რა ვქნათ, პირში წყალი ჩავიგუბოთ და ჭიჭინაძე ტანჯულის როლში გამოვიყვანოთ?! ისე მაინტერესებს, „ავერსის“ კლინიკის დირექტორი ხელფასს უყოფს?!
როცა პირველად ფრაქცია შევქმენით, ვკითხე ფრაქციის ან კომისიის თავმჯდომარეობა ხომ არ გინდა-მეთქი. არაო, მე მაღალ ხელფასი მაქვსო, – მიპასუხა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ხელფასის გაყოფაც უნდოდა. სანამ სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის ხელფასი დამტკიცდებოდა, გიორგი ჩახვაძე აძლევდა თანხას ხელფასიდან."
გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი მიიჩნევს, რომ ელისო ჭიჭინაძე უბრალოდ საბაბს ეძებდა, რომ ფრაქცია დაეტოვებინა.
„თავისუფალ დემოკრატებს“ ბომბი ფრაქციაში და ბომბი პარტიაში ნამდვილად არ გვჭირდება. რას ქვია გაუნათლებელი ვუწოდე?! საკრებულოს წევრმა საკუთარი ელემენტარული უფლება-მოვალეობები არ უნდა იცოდე?! რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი უნდა თქვა?! მე მას ვუთხარი, – დეპუტატი ხარ და სხვა პასუხისმგებლობები გაკისრია, უნდა ერკვეოდე ასეთ საკითხებში, წაიკითხე წიგნი, შეისწავლე საკითხები და რიგითი ამომრჩეველივით ნუ იქცევი-მეთქი.
პირადად, როცა პოლიტიკიდან წავედი და პატარა პურის საცხობი გავხსენი, ჩემი ზურგით ვარიგებდი პურს მაღაზიებში. შევარდნაძის კაბინეტიდან გამოსულმა ჰალსტუხი მოვიხსენი და ეს საქმიანობა დავიწყე. მარტივ ჭეშმარიტებას ვამბობ – შრომაზე დგას სამყარო და ეს არ არის შეურაცხმყოფელი, მაგრამ დეპუტატობას სხვა პასუხისმგებლობა ჭირდება. კეთილი უნდა ინებონ და ელემენტარული ჭეშმარიტებები იცოდნენ“, – ამბობს ზენაიშვილი.