საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის 10 ივნისამდე წარდგენა დაავალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინა და უწყებებს ხარჯვითი ნაწილის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული იმ რეგიონებთან მიმართებაშიც, რომლებიც გამოყოფილ თანხებს ვერ ითვისებენ.
"ჩვენ უნდა მოვერგოთ ახალ რეალობას. ასე არ გამოვა, რომ სამინსიტროები ფულს ითხოვენ. მთელს რეგიონში ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპების გადახედვა და ჩვენ იმავე მდგომარეობაში ვართ. 5%-იანი ზრდა არ იქნება, ამის შესახებ უკვე განვაცხადეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და სახელმწიფო უწყებებს მიმართა, კაპიტალურ ხარჯებს ყურადღება მიაქციონ.
მთავრობის მეთაურის დავალებით, სახელმწიფო უწყებებისა და რეგიონების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვას მკაცრად გააკონტროლებს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მთავრობის მეთაურს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 150 000 000 ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 40% და 6 თვის გეგმის 85%-ია; აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდს 360 მილიონი ლარით აღემატება;
იანვარ-მაისში გაწეული ხარჯები 3,6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 6 თვის გეგმის 80%-ია, ხოლო წლიური გეგმის თითქმის 40%; დახარჯულია 428 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე გასულ წელს იმავე პერიოდში. ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან, კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეული ხარჯი 360 მილიონი ლარია, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკასო ხარჯმა 270,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 91 მლნ ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს;
ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მაისში ექსპორტის მაჩვენებელი არ შემცირებულა, რაც ასევე იმედისმომცემია.