საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება".
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების სისტემის რეფორმის კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2016 წლის შემოდგომაზე საპალამენტო არჩევნებს ჩავატარებთ დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
ჩვენი ამოცანაა საარჩევნო სისტემის რეფორმით ხელი შევუწყოთ მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციონალიზაციას, მოსახლეობის განწყობების ყველაზე უფრო ადეკვატურ ასახვას საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკური კონკურენციის სამართლიანი და სტაბილური წესების დამკვიდრება", _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ცვლილებას საჭიროებს.