აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.
დღეს, ოზურგეთში სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა ნონა ბარამიამ გურიის რეგიონის მოქმედ ფერმერებს აგროდაზღვევის განახლებული პროგრამა გააცნო.
პროექტის ფარგლებში, კომპანია "ალდაგი" ფერმერებს თხილის, კაკლის, ციტრუსის და სუბტროპიკული კულტურების (კივი, ხურმა, ფეიხოა) დაზღვევას სთავაზობს.
აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და ყინვა – მხოლოდ ციტრუსის დაზღვევის შემთხვევაში. სტიქიური მოვლენებით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აანაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია "ალდაგს" აგროდაზღვევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში "ალდაგს" 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.
შეხვედრაზე სტუმრებმა სადაზღვევო კომპანიიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. სახელმწიფო ფერმერებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს დაუფინანსებს (40%-დან 60%-მდე); მაგალითად, თხილის ბაღის დაზღვევისას, თუ მოსავლის სახით 1 ჰა-ზე ფერმერმა უნდა მიიღოს 2,2 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 6 600 ლარს, ფერმერს ამ თანხის 2,6 % ანუ 171, 6 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს _ 257, 4 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა თხილის მოსავლის დაზღვევისათვის, კი ფერმერი, მაქსიმუმ, 78 ლარს გადაიხდის.
"სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოსთან" და "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ "კრედოს" და "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით", _ აღნიშნა კომპანია "ალდაგის" ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ნონა ბარამიამ.
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. "ალდაგი" პირველი კერძო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1990 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის პოზიციას.
(R)