პირველად ქართული მუსიკის ისტორიაში, ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაში (EFA) გაწევრიანდა.
აღნიშნული ასოციაცია მსოფლიოს 40 ქვეყნიდან 100 ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ფესტივალს აერთიანებს, როგორიცაა ედინბურგის ფესტივალი, BBC-ის ფესტივალი და სხვა.
ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა. წელს ბათუმი მუსიკალურ ფესტივალს 10-15 სექტემბერს უმასპინძლებს.
"სწორედ ასეთი ფესტივალებითა და ღონისძიებებით წარმოჩინდება საქართველოს სახე მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში არსებული სივრცე მსგავსი ფესტივალების მოსაწყობად უდაოდ უნიკალურია. ბათუმი კი შესაძლოა კულტურულ ცენტრად იქცეს. ასოციაციაში გაწევრიანება ახალი სიტყვა და წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული მუსიკის ისტორიაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიწვიოთ ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები გაემგზავრონ საზაფხულო აკადემიებში სასწავლებლად. ასოციაციის გასვლითი კონფერენციები ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩეხეთი, პოლონეთი, შვეიცარია, რაც ტურისტული თვალსაზრისით ქვეყნის წარმოჩენის და პოპულარიზაციის დიდ საშუალებას იძლევა," _ აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
აღნიშნულ კონფერენციაზე დღესვე აღინიშნა, რომ საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მისი ღირებულებები საკმარისია რათა ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციაში გაერთინდეს.
ელისო ბოლქვაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, რომლის პირადმა ჩართულობამ ბათუმის ფესტივალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ასევე მან აღნიშნა, რომ დღეს კონფერენციაზე განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის აკაკი ძნელაძის, საქართველოს ელჩის ჩეხეთის რესპუბლიკაში ზაალ გოქსაძის და ევროგაერთიანების ელჩის ბრიუსელში ნატალია საბანაძის მხარდაჭერის წერილები და მათზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება.