სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 2014 წლის თებერვლის დასაწყისში, ორი დღის განმავლობაში, 115 680 დოლარის გასავალი ჰქონდა, რომელიც მან ბინისა და ავტოფარეხის შესაძენად გადაიხადა.
2015 წლის 3 ივნისს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ლაშა თორდიაა 100% წილის მშენებარე ბინის მფლობელი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 132.00 კვ.მ-ია. თორდია ასევე ფლობს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი მდებარე 17.50 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხსაც.
სხვა უძრავ-მოძრავი ქონება თორდიასა და მისი ოჯახის საკუთრებაში, დეკლარაციის თანახმად, არ არის.
რაც შეეხება თორდიების ოჯახის შემოსავალს, ერთი წლის განმავლობაში ოჯახმა 94 510 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, ლაშა თორდიას შემოსავალი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან 72010.00 ლარი იყო, მისი მეუღლის – მაია ირემაშვილის შემოსავალი კი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტია – 22500.00 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენეტში, ლაშა თორდიას თი–ბი–სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 500.00 ლარი ერიცხებოდა, "საქართველოს ბანკის'' საკრედიტო (ამექსი) ანგარიშზე კი, 4 000.00 ლარი.
მის მეუღლეს, მაია ირემაშვილს, "კორსტანდარტ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე კი, 400.00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, გენერალური აუდიტორის სახელზე 3 სესხია, აქედან ყველაზე სოლიდური 106000.00 დოლარის იპოთეკური სესხია, რომლის ხელშეკრულების ვადები 10/02/2014, 10/02/2014 – 01/02/2024 წლამდეა. ამ სესხის დასაფარად თორდიამ ერთი წლის განმავლობაში 13500.00 გასცა.
გარდა ამისა, 2011-2014 წლებში, თორდიას "საქართველოს ბანკიდან" 7180.00 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხიც ჰქონდა აღებული, რომელიც უკვე დაფარული აქვს.
რაც შეეხება "საქართველოს ბანკიდან" აღებულ American Express-ის 4 000.00-ლარიან სესხს, ის თორდიამ 2010 წლის 27 მაისს აიღო. სესხის დაფარვა კი ვადის შეუზღუდავად შეუძლია.
დეკლარაციის მიხედვით, 2014 წლის თებერვალს ლაშა თორდიამ ორი ხელშეკრულება დადო – ერთი 105 680.00-დოლარიანი ბინის შესაძენად, მეორე კი, ბინის შეძენის მეორე დღეს – 5 თებერვალს, 10000.00-დოლარიანი ავტოფარეხის შესაძენად გააფორმა.
თორდიას ოჯახი, დეკლარაციის თანახმად, არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში.