შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ლევან ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,125 გრ ე.წ. "ბიო" და „მეტადონის" აბის ნატეხი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).