მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხიდის ერთი მიმართულების ასფალტის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ამით ხიდების კეთილმოწყობა დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მიმოსვლა სრულად აღდგება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ "ხიდსაცდელი ცენტრის" დასკვნით, აღნიშნული ობიექტი გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. კომპლექსს ჩაუტარდა სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია, ჰიდროიზოლაცია, ტროტუარების, მოაჯირებისა და გზის საფარის მოწყობა. შეკეთდა სანაპირო და შუალედური ბურჯები.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით სამუშაოებს შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 26 მარტს დაიწყო და 26 ივნისს უნდა დასრულებულიყო. კომპანია სამუშაოებს 17 დღით ადრე ასრულებს. მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდები სრულ ექსპლუატაციაში 9 ივნისს შევა.