სახელმწიფო შეფასება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კვლევაა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. სახელმწიფო შეფასება განათლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აწვდის კვლევაზე დაფუძნებულ ინფორმაციას არსებული მიღწევებისა და პრობლემების შესახებ. ეს არის განათლების სისტემის ერთგვარი ეროვნული აუდიტი, რომელიც ტარდება პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირებისათვის.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015 წელს ძირითად კვლევაში ჩაერთო 166 სკოლის მე-9 კლასის 4000 მოსწავლე, მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები. მომზადდა კვლევის ინსტრუმენტები და მონაცემთა ბაზა. შეიქმნა ტესტი და კითხვარები (მოსწავლის, მასწავლებლის, დირექტორისა და მშობლის კითხვარები).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევას ერთდროულად ახორციელებს. ჩატარდა TIMSS-ის (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორიო კვლევა) ძირითადი კვლევა. დასრულდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი კვლევაც. საერთაშორისო პროგრამა (PISA) მიზნად ისახავს, შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.