ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ორი პოლიციელის ცემაში ბრალდებული ქალის ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
მოსამართლე ნატრული აკობია მაია კეკელიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების განაჩენს დღეს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ მაია კეკელიას საქმის შესახებ "გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა. საქმე ეხება 2014 წლის 16 ოქტომბერს, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძის პოლიციის შენობიდან დაკავებული მამაკაცის, თემურ გაბუნიას გაქცევას.
ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა შენობიდან გაქცევა ნათესავების დახმარებით შეძლო, რომლებიც განყოფილებაში მივიდნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათ როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თუმცა, პოლიციელებისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ საქმეში ბრალდებული პირები. მათი თქმით, პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იქეთ მიაყენეს.
როგორც კეკელიამ რამდენიმე დღის წინ "გურია ნიუსს" უთხრა, განაჩენი ისე დგება, რომ ის გამომძიებელს ფაქტიურად დაკითხული არ ჰყავს. ასევე ბრალდების მხარემ არ ისურვა მოწმეების დაკითხვაც.
კეკელია ამბობს, რომ თუ ზუგდიდის რაიონული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, იმ წუთიდან შიმშილობას დაიწყებს.
ამავე თემაზე:
პოლიციელების ცემაში ბრალდებული ქალის ღია წერილი
როგორ გაიქცა დაკავებული – ნასვამი პოლიციელების წინდაუხედაობით თუ ნათესავების "ამბოხით"
"შვიდ ადამიანს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთისთვის გვწირავენ"