ლანჩხუთში, "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბორის ჭყონიას შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ, თუმცა თავად ჭყონია აღნიშნულს უარყოფს.
ცნობისთვის, ბატონი ბორისი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისას ლანჩხუთის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, სწორედ მასსა და ზაზა ურუშაძეს შორის შედგა არჩევნების მეორე ტური, სადაც გამარჯვება ურუშაძემ მოიპოვა.
ბორის ჭყონია კენჭს "პატრიოტთა ალიანსიდან" იყრიდა და დღემდე ამ პარტიას ხელმძღვანელობს ლანჩხუთში.
"გურია ნიუსთან" საუბრისას "ქართულ ოცნებასთან" სამომავლო კავშირს ჭყონია კატეგორიულად უარყოფს.
"ამ დღეებში თბილისში ვიყავი ახლობლის დაკრძალვაზე და იქ მითხრეს ეს ჭორი. არ ვიცი, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ვინ და რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციებს. ნამდვილად არ არის მართალი, თითქოს მე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ მოვიაზრებოდე", _ აღნიშნავს ჭყონია.