"სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ის ქუცნაშვილის ინიციატივას, რომლის თანახმადაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სამინისტროებში გარკვეული პერიოდი პრემიები აღარ უნდა გაიცეს, მაღრაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, სად იშოვოს ფული ოჯახისთვის.
მაღრაძე მიიჩნევს, რომ სახელწიფო სამსახურების კონკურსებზე გამოცხადებული ვაკანსიები რეალურია და „მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის“.
„ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, არ უნდა ჰქონდეს არც ცდუნება და არც გასაჭირი იმისა, იფიქროს იმაზე, ხვალ და ზეგ საიდან იშოვოს ფული ოჯახისთვის. უნდა ჰქონდეს ნორმალური შემოსავალი.
დღეს საჯარო სამსახურიდანაც ხდება გადინება. იმიტომ რომ სერიოზული მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება. თუ საჯარო სამსახურში კარგი სპეციალისტი არ გაჩერდა, მიღებული გადაწყვეტილებები იქნება იმდენად არასწორი, რომ ყველას დაგვაკლდება.
როცა სხვა ადამიანი ასეთ კადრს 6 000-ს სთავაზობს, მაშინ შეწირული უნდა იყოს, რომ თქვას, არ წავალო. მაგარი სპეციალისტი დღეს სახლში არ ზის და დასაქმებულები არიან. ვისაც სამუშაო უნდა, ის ყოველთვის იშოვის“, -აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
წყარო: kvira.ge