ჩინეთის ქალაქ ტიანცზინში ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა ქალაქის ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო.
ეს იქნება თანამედროვე ქალაქი ქალაქში, რომელიც ბუნებრივი რესურსებისადმი ფრთხილი დამოკიდებულებით იქნება გამორჩეული. პირველი ჩინური ეკოქალაქის მშენებლობა, რომელიც 350 ათას მცხოვრებზეა გათვლილი, 2020 წლისთვის დასრულდება.
ქალაქის ფართობი 30 კვადრატული კილომეტრია. პროექტის ავტორი კომპანია „სურბანა ურბან პლენინგ გრუპია”. ისინი ეკოქალაქის 6 რაიონად დაყოფას გეგმავენ. ყველა მათგანი არქიტექტურულად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება.
ურბანისტული ცენტრი მაღალი შენობებით იქნება გამორჩეული, ხოლო სხვა უბნები ერთსართულიანი სახლებით გაშენდება. ეკოქალაქში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.
ტიანცზინის ეკოქალაქში ენერგიისა და წყლის მიწოდების ალტერნატიულ საშუალებებს გამოიყენებენ. მთელი ქალაქის ენერგომომარაგება ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების საშუალებით გახდება შესაძლებელი. ქალაქის ტრანსპორტი მთლიანად ელექტრონული იქნება.
პროექტის ავტორები არა მხოლოდ კომფორტული ქალაქის შექმნაზე ზრუნავენ, არამედ არქიტექტურულ და ეკოლოგიურ ოაზისზეც აცხადებენ პრეტენზიას.