საქართველოს პრეზიდენტმა GIPA-ში საჯარო ლექცია წაიკითხა.
ქვეყნის პირველმა პირმა, ერთი საათის განმავლობაში, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ძირითადი აქცენტები საქართველოს პრეზიდენტმა იმ პერსპექტივაზე გააკეთა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპულ არჩევანზე საუბრისას რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:
"საქართველოს ევროპული არჩევანი მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და არა მხოლოდ თეორიულად ან სტრატეგიულად, არამედ რეალურად წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს, პოლიტიკური ელიტის, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების წარმმართველ ვექტორს. ჩვენი ქვეყნის მიერ დეკლარირებულია, რომ ჩვენ მივდივართ და ნაბიჯებს ვდგამთ სწორედ ამ მიმართულებით. ნათელია, რომ საქართველოსთვის მოცემული შესაძლებლობები, ჩვენი განვითარების ბუნებრივი გაგრძელებაა. ევროპის პოლიტიკურ ოჯახთან თანაარსებობა, ეს დემოკრატიული სახელმწიფოების ფორმატში არსებობაა. ევროპისკენ ორიენტაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ სახელმწიფოთა ისეთი გაერთიანების ნაწილი, სადაც ერთდროულად დაცულია ბევრის ინტერესი, მაგრამ იმავდროულად ცალკეულ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ თავისი თვითმყოფადობა", _ აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
კითხვა-პასუხის დროს ასევე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ლექციის დასრულების შემდეგ შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაგრძლედა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.