საფრანგეთში დაკავებული ქართველების მდგომარეობის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განცხადება გაავრცელა.
"საქართველოს საელჩო საფრანგეთში ეხმაურება მიმდინარე წლის 4 ივნისს სააგენტო "ფოსტალიონში" გამოქვეყნებულ, ბატონ მამუკა ნოზაძესთან ინტერვიუს სათაურით, "საფრანგეთში დაპატიმრებული ქართველები არაადამიანურ და ღირსების შემლახველ პირობებში არიან".
ინტერვიუში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გვსურს დავაზუსტოთ შემდეგი გარემოებები: საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენენ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, სამართლდებიან იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა დანაშაულს.
ვინაიდან ძმები წინამძღვრიშვილები დაკავებულნი არიან საფრანგეთში, ისინი გასამართლდებიან ფრანგული კანონმდებლობის სრული დაცვით.
რაც შეეხება საკონსულოსა და კონსულის მოვალეობებს. მოგახსენებთ, რომ საქართველოს კონსული საფრანგეთში რეგულარულად ნახულობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან მსჯავრდებულნი ან იმყოფებიან წინასწარი დაკავების დაწესებულებებში, (ასეთი ბოლო მონაცემებით 294 მოქალაქეა) თუმცა, კონსულმა ეს რომ გააკეთოს, სულ მცირე ორი პირობა უნდა არსებობდეს: ერთი, რომ საკონსულო უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტზე; ასეთ შემთხვევაში კონსულს უფლება აქვს მოითხოვოს დაკავებულ პირთან შეხვედრა, რომელზეც აუცილებელია ამ უკანასკნელის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრა ვერ შედგება; და მეორე, რომ მოქალაქემ თავად უნდა მოითხოვოს კონსულის ნახვა.
რაც შეეხება ძმები წინამძღვრიშვილების საქმეს; უნდა აღინიშნოს, რომ მათი დაკავების შესახებ საქართველოს საკონსულოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ბატონი ნოზაძის მიერ განხორციელებული ზარის შემდგომ, (ზარი განხორციელდა ამა წლის მაისის თვის ბოლო კვირას). საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მიმართა შესაბამის ფრანგულ უწყებას და შემდეგი პასუხი მიიღო:
"ძმები წინამძღვრიშვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი, მათ არასოდეს მოუთხოვიათ სამედიცინო დახმარება. სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში, ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: სპორტი, ფრანგული ენის კურსები. მათ არასოდეს გამოუთქვამთ უკმაყოფილება ციხის ადმინისტრაციის მიმართ და არასოდეს მოუთხოვიათ საქართველოს საკონსულოსთან დაკავშირება, ან კონსულთან შეხვედრა".
ადმინისტრაციამ ასევე განმარტა, რომ დაკავებულები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რაც დადგენილია საფრანგეთის კანონმდებლობით და როგორ პირობებშიც იმყოფება ყველა პატიმარი. საკონსულოსთან დაკავშირების მოთხოვნის შემთხვევაში კი, ისინი აუცილებლად შეტყობინებას გამოაგზავნიდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოში.
საქართველოს საელჩოსათვის დამაბნეველი და გაუგებარია, თუ რას ემსახურება ბატონი ნოზაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, ვინაიდან საქართველოს საელჩო და საკონსულო სამსახური მუდმივად იცავდა და მომავალშიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს საფრანგეთის ტერიტორიაზე მისი შესაძლებლობებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში“, _ აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო:http://www.facebook.com/eka.siradze/posts/10152984082508367