საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 226 პირი. ამათგან 180 მსჯავრდადებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის ათი ქალბატონი და ერთი არასრულწლოვანი. დანარჩენ 46 მსჯავრდადებულს, რომელთაგან ოთხი ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით.
„საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო და იგი დაეყრდნო შეწყალების კომისიის მიერ განხილულ მასალებს და წარდგენილ რეკომენდაციებს. კომისიამ, რომელიც 1 ივნისიდან 6 ივნისამდე მუშაობდა 1329 პირის საქმე განიხილა", – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და 180 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.