სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით მაისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილით შემოტანის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეცამეტე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო კომისია ყოველთვიურად იკრიბება და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციასა და საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. გაკეთდა შესაბამისი შეფასებები. სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წინა თვეების მსგავსად, კანონმდებლობის აღსრულება ეფექტურად მიმდინარეობს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მაისის თვეში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების საფოსტო გზავნილით შემოტანის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც კლების აშკარა ტენდენციას მოწმობს.
მიღწეული შედეგების ფონზე, კომისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათშორისი ინფორმაციის გაცვლისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სახელმწიფოს მხრიდან გატარებული დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის წარმატებას.